logo
ENG



მანანა კობახიძემ აიისას საქმის განხილვისას ეკლესიას კონსულტაცია გაუწია - ფაილები

15 სექ 202114:57
3 წუთის საკითხავი
 
მანანა კობახიძემ აიისას საქმის განხილვისას ეკლესიას კონსულტაცია გაუწია - ფაილები

სუს-ის გავრცელებული ფაილების მიხედვით, ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძემ "აიისას" საქმის განხილვის დროს ეკლესიას კონსულტაცია გაუწია. 

კერძოდ, ერთ-ერთ ფაილში წერია:

"პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს აცნობა, რომ საპატრიარქო თვალს ადევნებს პრეზერვატივაიისას" საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს.

ამასთან, დაუშვებლად მიიჩნევს მასზე წმინდანებად შერაცხული დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის გამოსახვას და დაინტერესებულია, როგორ დაიცვას ეკლესიამ საკუთარი პოზიცია.

კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. მოსამართლის თქმით, მოცემულ მომენტში სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ჯდება ანი (ანანია) გაჩეჩილაძის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და განიხილოს ამ უკანასკნელის წარდგენილი სარჩელი, რითაც ითხოვს ზნეობის სახელით დაკისრებული 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას.

მანანა კობახიძემ გიორგი ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. სასამართლო მეგობრის სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართ სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. პროტოპრესვიტერმა მანანა კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა". 

***

2021 წლის 22 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგში ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავდა. 

კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკარტიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი საბაზისო პირობა მისი განვითარებისთვისა და ყოველი ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. 

სტრასბურგამდე აიისას საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებმა განიხილეს. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). ის 500 ლარით დააჯარიმეს და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

სასამართლომ მიიაჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის წარწერით "სამეფო კარი თამარში", ტექსტის - "ძლევაი საკვირველი", პრეზერვატივწამოცმული მარცხენა ხელის მტევნის გამოსახულება (სასამართლომ მიიჩნია რომ ეს არის "მაკურთხეველი მარჯვენა", რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ჯვარს გამოხატავენ) და პანდას ფოტო, ტექსტით - "ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა" არის არაეთიკური და მსგავსმა გამოხატვამ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის რელიგიური გრძნობები და ეროვნული ღირსება შელახა.

სააპელაციო სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. სააპელაციოში აიისას საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ე.წ. სასამართლო კლანის ლიდერად. მურუსიძე ამბობდა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე. მაშინაც თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ აიისას არაეთიკური რეკლამა აქვს. 


close დახურვა